ბრიტანეთის არმიის სარდალი და ამერიკელი გენერალი უკრაინის კონტრშეტევაზე

შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიას დაახლოებით, ერთ თვე აქვს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჩაატაროს არასასურველი ამინდის დაწყებამდე. ამის შესახებ მან BBC-ს განუცხადა.


მილის თქმით, კონტრშეტევის შედეგების შეჯამება ნაადრევია. გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ ცივი პირობები უკრაინას მანევრირებას უფრო გაურთულებს.

„მე ვთქვი ამ [ომის] დასაწყისშივე, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი, ნელი, რთული და დიდი მსხვერპლის გამომწვევი და ზუსტად ასეა,“ - განაცხადა გენერალმა.


ამინდის გავლენის შესახებ კითხვას, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილო ბუდანოვმაც უპასუხა და განაცხადა, რომ „ბრძოლა ასე თუ ისე გაგრძელდება.“

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ფართო ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვისა და კამიკაძე-დრონების გამოყენება ისეთივე გამოწვევაა.

„ასე რომ, უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენი შეტევა ფეხით გადაადგილებაზეა ორიენტირებული,“ - აღნიშნა ბუდანოვმა.


ამავე ინტერვიუში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა განაცხადა, რომ „უკრაინა იმარჯვებს და რუსეთი მარცხდება.“
  • „რუსეთის მიზანი იყო უკრაინის დამორჩილება და მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა. ეს არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება და ამიტომაც იმარჯვებს უკრაინა,“ - განაცხადა რადაკინმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა პროგრესირებს ბრძოლაში თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელმაც დაიბრუნა რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის 50%. რადაკინის შეფასებით, უკრაინის პროგრესი ასევე განპირობებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის „ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლით.“

მან ჩრდილოეთ კორეასთნ რუსეთის კავშირებზეც ისაუბრა. „ვლადიმერ პუტინის ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან გვიჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი „სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია,"  - აღნიშნა ადმირალმა რადაკინმა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირებმა აჩვენა, თუ რამდენი პარტნიორი დარჩა რუსეთს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამ თვეში რუსეთს ეწვევა, რომ პუტინს იარაღზე მოლაპარაკებებისთვის შეხვდეს. 
 
„თქვენ უნდა დააკვირდეთ იმ ფაქტს, რომ [რუსეთის] ეკონომიკა ზეწოლის ქვეშაა, სანქციები უფრო დიდ გავლენას ახდენს. მას არ ჰყავს ბევრი საერთაშორისო პარტნიორი,“ - აღნიშნა რადაკინმა. „დაკარგა ნახევარი მილიონი ადამიანი, ვინც გაიქცა ქვეყნიდან. კიდევ მილიონს მაინც სურს ქვეყნიდან წასვლა.  ომი რომ გააგრძელოს, საკმარისი ხალხია საჭირო,“ - ხაზს უსვამს ადმირალი.

უკრაინულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ზაპოროჟიეს რეგიონში ამ ზაფხულს გააძლიერეს. ბრძოლები მიმდინარეობს ორ ფრონტზე - მელიტოპოლსა და ბერდიანსკის მიმართულებაზე.