NATO ომში რუმინეთის „ჩათრევის რისკებს“ ვერ ხედავს

NATO ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ რუმინეთისთვის არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ის რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთვება ან კონფლიქტის გავრცელება მის ტერიტორიაზე მოხდება.


„არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს, იქნება ეს რუმინეთი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო... ეს ალიანსის სიძლიერის შედეგია. ჩვენ შეკავების პირველი ელემენტი ვართ,“ - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

ჯოანას თქმით, მას ესმის იმ რუმინელების შეშფოთება, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს, რადგან მათ ომის ხმა ესმით, რაც შფოთვასა და ტკივილს იწვევს.

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების პოვნის შემდეგ, რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარა.


შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს.


პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს.


რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა.

რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს.