2020 წლის შედეგებით, ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის პოზიცია აშშ-ს ნაცვლად ჩინეთმა დაიკავა. 2020 წელს ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ $709 მილიარდი დოლარი შეადგინა, აშშ-ევროკავშირისამ კი – $671.
ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირთან ჩინეთის იმპორტი + 5,6%-ით გაიზარდა, ექსპორტის + 2,2%-ით.
BBC-ის ცნობით, ჩინეთი ერთადერთი დიდი ეკონომიკაა, რომელმაც 2020 წელს პოზიტიური ზრდა დააფიქსირა. მისი სავაჭრო ბრუნვის ცვლილება კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდულმა მუშაობამ ჩინურ საქონელზე მოთხოვნა გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკაც გაჩერდა, ქვეყანა პანდემიამდელ მდგომარეობას დასავლეთზე სწრაფად დაუბრუნდა.
ევროპიდან იმპორტის სახით ქვეყანამ, უმეტეს წილად, ავტომობილები და ძვირადღირებული პროდუქცია შეიძინა, ექსპორტის სახით კი სამედიცინო ინვენტარი და ელექტრონული საქონელი გაიტანა.
ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა ევროკავშირთან სავაჭრო პოლიტიკას ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ამასობაში, ევროკავშირი და ჩინეთი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივებისკენ ილტვიან.
IHS Markit-ის მიხედვით, 2020 წელს პანდემიით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს ამოისუნთქებს და 7.6%-ით გაიზრდება. 2020 წელს საერთაშორისო ვაჭრობა $16.4 მილიარდი დოლარით(13.5%) შემცირდა.