საქართველოში ჰოლანდიური ტიპის საოჯახო პენიტენციური დაწესებულებები აშენდება

საქართველოში სამომავლოდ რამდენიმე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების აშენდება, სადაც ერთი და იმავე რისკის, მისწრაფების მქონე ბავშვები განთავსდებიან და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდიან.

ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ამ კუთხით ძალიან საინტერესოა არასრულწლოვნებისათვის ე.წ. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მოწყობასთან დაკავშირებული ჰოლანდიის გამოცდილება.

შეხვედრაზე ისაუბრეს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც. იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით; დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა.

მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის განმტკიცების გზაზე საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

იუსტიციის მინისტრმა მააიკე ვან კოლდამს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზრუნავს ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფაზე, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და კანონიერების უზრუნველყოფას, ემსახურება საზოგადოებას.

საუბარი შეეხო მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობასაც. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში 2013 წლიდან არაერთი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის: კორუფციის აღმოფხვრა, კარგი მმართველობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით განხორციელდა.