ვაშინგტონის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს და კორუფციული ბრალდებების გამო, გამოძიების ქვეშ იმყოფება. ლი შანგფუ ორ კვირაზე მეტია, საჯაროდ არ გამოჩენილა. წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი იყო გაუჩინარებული და ერთი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა ახალი მინისტრი დანიშნა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, Reuters-ი წერდა, რომ ლი შანფუმ გასულ კვირას, ვიეტნამის თავდაცვის ლიდერებთან შეხვედრა მოულოდნელად დატოვა.
65 წლის ლი შანგფუ 7-8 სექტემბერს ჩინეთთან საზღვარზე, თავდაცვის თანამშრომლობის ყოველწლიურ შეკრებას უნდა დასწრებოდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც პეკინმა ჰანოის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ამასთან, The Guardian-ი წერს, რომ გენერალი ლი შანგფუ ბოლოს 29 აგვისტოს ნახეს, როდესაც ჩინეთ-აფრიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი ბოლო მოგზაურობა საზღვარგარეთ, მოსკოვსა და მინსკში აგვისტოს შუა რიცხვებში შედგა, სადაც რუს ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. მან ასევე გამართა შეხვედრა ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს.