აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ხსენებულ ქვეყნებში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები ავრცელებენ.
ბონოს ვიზიტის პროგრამა მოიცავს ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რათა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას დაუჭიროს მხარი.
14 სექტემბერს ბონო სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღის ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. გარდა ამისა, ლუის ბონო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბონო ეწვია სამხრეთ კავკასიას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზები განეხილა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო მიმდინარე წლის დასაწყისში დანიშნა.