უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ახალი ბრალდება წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ახალი, რიგით მესამე ბრალდება წაუყენეს. კოლომოისკი ეჭვმიტანილია 5 მილიარდ 800 მილიონი გრივნის (157 მლნ აშშ დოლარი) უკანონოდ დაუფლებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანახმად, 2013 წლიდან 2014 წლამდე კოლომოისკიმ თავის მფლობელობაში მყოფი „პრივატბანკის“ თანამშრომლებისგან შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც სისტემატურად ფორმდებოდა ბანკის სალაროში ფიქციური ფულადი დეპოზიტების შეტანა. შემდეგ ეს თანხა კოლომოისკის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა და რეალურ უნაღდო სახსრებად იქცა.


ამ ვირტუალური აქტივების ლეგალიზაციისთვის კოლომოისკი, გამომძიებლების თქმით, მათ იყენებდა სესხების გასაცემად, თავის კონტროლქვეშ მყოფი საწარმოების მიერ აღებული სესხების დასაფარად, ასევე გაჰქონდა ისინი უცხოეთში, ანაღდებდა და ცალკეულ ბანკებში გამოჰქონდა ისინი.

კოლომოისკი ეჭვმიტანილია საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ქმედებებში, სხვისი ქონების ხელში ჩაგდებასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრებაში.


კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. მას „პრივატბანკიდან“ თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი 7 სექტემბერსაც წარუდგინეს.