აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) PACE ჯგუფთან 25 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ფოთის ახალ საზღვაო პორტში მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას ისახავს მიზნად.
„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამ თანამშრომლობამ, მაგალითად, საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით.
ასევე, სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის. ისეთ ინიციატივებს, როგორიც არის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, შეუძლია, კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონული კავშირები. ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების ხელშეწყობით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად, განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა.
ჩვენ ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალითად, გასულ წელს, ჩვენ ვმასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში, ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა მიზნად.
ამერიკის მთავრობამ ასეთი ინიციატივების მხარდასაჭერად საკუთარი ფინანსური რესურსები მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მეშვეობით შუა დერეფანში განხორციელებული ამერიკული ინიციატივების დიდ გავლენას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის ფოთშიც, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული $50-მილიონიანი პროექტის შედეგებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში. დღეს მოხარული ვართ, აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
ცნობისთვის, DFC, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი ინვესტიციებს ახორციელებს პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და ამავდროულად, სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევას.