პრემიერი: პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მთავრობამ გუშინ, 14 სექტემბერს მიიღო. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და მისი არმოცემა „ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება”.

„გუშინ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ასევე, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმ კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ეს პროცესი ჩაიხურება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი.


ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან მიმართებით - უკრაინა მოლდოვასთან შედარებით. ყველამ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.