ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

ეუთოს თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოში ვიზიტის აჯამებს. შვედი დიპლომატი აცხადებს, რომ ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, ამ საკითხში თანამშრომლობა კი, როგორც ეუთოს თავმჯდომარისთვის, მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისი ინფორმაცია ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროპის უსაფრთხოებისთვის ასეთი გამოწვევები უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს პრინციპების/ ვალდებულებების დაცვით, აგრეთვე დიალოგისა და ჩართულობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებით.

ეუთომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში. ის კონფლიქტის მოგვარების კუთხით აქტიურ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საშუალებით”, - აღნიშნა შვედმა დიპლომატმა.

ან ლინდემ ხაზი გაუსვა ეუთოს მნიშვნელობას, დააკმაყოფილოს, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები; უზრუნველყოს შერიგებისა და დიალოგის ინსტრუმენტები; ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას.

მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის მიზანი შვედეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარის პრიორიტეტების წარმოდგენა და ეუთოს მიერ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება იყო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, ეუთოს ვალდებულებების წინსვლის, პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით.

ვიზიტის დროს, ლინდე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას, ვიცე- პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე, განსაკუთრებით რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და პოტენციურ სფეროებზე, რომლებშიც ჩართულობა შეიძლება, გაძლიერდეს. მოქმედ თავმჯდომარეს ასევე ჰქონდა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქალისა და კაცის სრული ჩართულობით. გენდერული თანასწორობა ის თემაა, რომელიც განვიხილეთ და ველოდები, საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ ქალთა როლის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განსახორციელებლად ”, - განაცხადა ლინდემ.

„მე ვესტუმრე „ადმინისტრაციულ ხაზს“, რომ მეტი ინფორმაცია მიმეღო ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ორივე მხრიდან“, - განაცხადა შვედმა დიპლომატმა.