როგორ აფასებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.

„მოვისმინეთ დღეს განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა კალაძემ.


კითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას ხელისუფლება იმის გამო, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ფარცხალაძე დიდი ხანია, საჯარო სამსახურში აღარ არის.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,“ - განაცხადა კალაძემ.


თავის მხრივ, გიორგი ვოლსკის თქმით, ფარცხალაძე 2013 წლიდან „ჰორიზონტზე არ გამოჩენილა“ და მას პირადად არც კი იცნობს.

„რაში შეიძლება, ჩვენს პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? - საგარეო კურსი შეიცვალა? რუსეთმა კავკასიაში რაიმე უპირატესობა ნახა, გარდა იმ უპირატესობისა, რაც მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიიღო? სად გიჩნდებათ კითხვა და ეჭვი, რომ ფარცხალაძემ პარტიის პოლიტსაბჭოზე ან რომელიმე ჩვენგანის პოზიციაზე გავლენა მოახდინა? ვისზე შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ფარცხალაძემ გავლენა მოახდინა და რაიმე შედეგს მიაღწია?! - რა მოხდა ისეთი, რაც შეიძლება, ოთარ ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო?! მიმართა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

„თუკი აშშ-ს კონკრეტულ ავტორიტეტულ სტრუქტურას ასეთი მტკიცებულება გააჩნია, რასაკვირველია, ეს საქართველოში შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლოს, რომელიც მაღალ დონეზე ხასიათდება, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მაგრამ რა პოლიტიკა შეიცვალა?! - ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა იფიქროს არის ის, რომ განგებ იგივე სცენარი კეთდება, რაც 2008 წელს მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს მთელი პოლიტიკური "ისტებლიშმენტი" ეუბნებოდა, რომ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაედგა და მან ეს მაინც ეს გააკეთა. ამაზე მეტი დათმობა რუსეთისათვის, რა შეიძლება იყოს?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.


ასევე წაიკითხეთ: