რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა გეორგიცა ვლადმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჩამოაგდოს რუსული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც ქვეყნისთვის პოტენციურ საფრთხეს შექმნიან.
მან განმარტა, რომ რუმინეთმა 600-მდე ჯარისკაცი და სარადარო სისტემა განათავსა დუნაის დელტაში, რუმინეთის ტერიტორიის მახლობლად, დუნაის პორტებზე რუსეთის ხშირი თავდასხმების საპასუხოდ.
„ჩვენ განვათავსეთ რამდენიმე რადარი, ჩვენი თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად განვიხილეთ რუსეთის შესაძლო აგრესიასთან გამკლავების გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა გენერალმა ვლადმა.
გამოიყენებდა თუ არა რუმინეთი საჰაერო თავდაცვის ძალებს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, მედიის ცნობით, ვლადმა ეს არ გამორიცხა.
„საფრთხის დონიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა არსებული სამხედრო რესურსი რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა გენერალმა.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს.