„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ.
მათი თქმით, ჩახნაშვილი არ არის დამოუკიდებელი მოსამართლე. არგუმენტად კი ასახელებენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თქვენ მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე და საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.
გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეს სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელსაც პროკურატურა მოითხოვს.