ბლინკენის თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღი

როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება.

ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე.


ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი.


და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები.უდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”.


„თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია.