„სამი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ბოლო, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთისა-2023 წლისთვის“, - ამის შესახებ რიკოთის მაგისტრალის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, პანდემიამ მაინც იმოქმედა პროექტზე, ვინაიდან მასზე მომუშავე ჩინური კომპანიების პერსონალის ჩამოსვლა იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი 2020 წლის დასაწყისშივე, ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციის გამო.
,,აქედან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ვადების ცვლილება და ნაცვლად 2021-2022 წლისა თარიღმა გადაიწია 2022-2023 წლებისთვის. თუმცა, ამ გზის მოწყობა და მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც მზად იქნება. ასე რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმგზავროთ რიკოთის განახლებული გზის მონაკვეთებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.