ეკონომიკის მინისტრი: დახურული სივრცეები მალე გაიხსნება, თუ ინფიცირების ამ სტატისტიკას შევინარჩუნებთ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თუ ქვეყანაში კოვიდინფიცირების ასეთი პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნდა, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე, რესტორნების შიდა სივრცეების გახსნის საკთხს განიხილავენ.

ამის შესახებ მინისტრმა სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ მომენტისთვის რეგულაციების მკაცრად დაცვით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ მომენტისთვის, როდესაც სარესტორნე ინდუსტრიის შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ. ამ მომენტს მივუახლოვდით. თუ ეპიდსიტუაცია ისევ კონტროლის ქვეშ იქნება. თუ ასეთივე პოზიტიური ვითარება იქნება, როგორც დღეს, არ გამოვრიცხავთ, მომდევნო საკოორდინაციო საბჭოზე, დახურული სივრცეების გახსნის თემა განვიხილოთ.

ამისთვის აუცილებელია დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს ეს სფერო. ამიტომ ჩვენ დღეს გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, გავიარეთ დამატებითი რეგულაციები. ისეთ დეტალებში ჩავედით როგორიცაა კვადრატულობაზე რამდენი სტურმარი უნდა იყოს, სავალდებულო ტესტირება როგორ უნდა იყოს წარმართული.

განსაკუთრებული მოთხოვნა არის და სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ სოციალური ღონისძიებების მიმართ. როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც აკრძალულია დღესდღეობით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

"წისქვილ ჯგუფის" წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები შეხვედრას დადებითად აფასებენ და პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მისი თქმით, რესტორნები გამკაცრებული რეგულაციებით შეძლებენ შიდა სივრცეების ფუნქციონირებას.

შეგახსნებთ, რომ რესტორენებს და კაფე-ბარებს, ღია სივრცეებში მუშაობის უფლება 15 თებერვლიდან მიეცათ.