„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო.
კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორზე როდესაც არის საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები.
„პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, უფრო მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ამბობენ, რომ სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზეა საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ [სუს-მა] შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო - რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები და უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული,“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
ასევე წაიკითხეთ:
-
ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
-
ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს