ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ლორთქიფანიძეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია, აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს. შოთა კახიძე ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.


გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.

„სრული ბოდვაა სუსის დღევანდელი განცხადება. გიორგი ლორთქიფანიძე გამოირცხავს რაიმე სახის მონაწილებას განცხადებაში დასახელებულ პირებთან. ის 8 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა, იდევნება საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით. ეს პერიოდი ის აქტიურად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ აქვს, არანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში არ აქვს.

ნაცვლად იმისა, რომ სუს-ი განმარტებებს აკეთებდეს, რა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასანქცირდა აშშ-ის მიერ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, ჩვენ ვისმენთ აბსურდულ და ცრუ ბრალდებებს,“ - განუცხადა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

გეგმის ერთ-ერთ ავტორად სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეს ასახელებს.


„გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - აცხადებს სუს-ი.