ნათია თურნავა: Ryanair-ზე ჯერ არ ვიცით, მაგრამ Wizzair აპრილიდან დაიწყებს ფრენებს

აღადგენს თუ არა Ryanair-ი წელს საქართველოში ფრენებს, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჯერ არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ Wizzair-თან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გარკვეულია.

მინისტრის განცხადებით, Wizzair საქართველოში ფრენებს აპრილიდან განაახლებს.

„რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია, ბოლო ერთ წელიწადში სერიოზულად დაზარალდა. Ryanair-საც აქვს თავისი სირთულეები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას. Ryanair-თან გვაქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება საქართველოში ფრენა. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით, რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად Wizzair-ი მზადაა აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც ბოლო ეტაპზე გვექნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მოლაპარაკება აქვს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან, რომლის დასახლეებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მოლაპარაკებების ინტერესის გათვალისწინებით.

საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოიხსნა, მაგრამ მგზავრთა ნაკადის სიმცირის და გამკაცრებული რეგულაციების გამო, საავიაციო მიმოსვლა პასიურად მიმდინარეობს.