კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: შემაშფოთებელია, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „მტკიცებულებები არ არსებობს.“

„ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულება.


გახსოვთ, სასამართლოსთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების გამო არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, რაც, ზოგადად, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს არის შემაშფოთებელი,“ – განაცხადა კობახიძემ.


კობახიძე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა.

კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.


„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით.

რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.


ასევე წაიკითხეთ: