უკრაინის საგარეო უწყება სუს-ის განცხადებას პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, არ შეესაბამება რეალობას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინულმა დიპლომატიამ ცნობად მიიღო საქართველოს უშიშროების წარმომადგენლების განცხადებები, რომ უკრაინული მხარე სავარაუდოდ, ჩართული იყო საქართველოში აჯანყების მომზადებაში.


„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერეოდა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას,“ - აღნიშნა ნიკოლენკომ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

გეგმის ერთ-ერთ ავტორად სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეს ასახელებს.


„გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - აცხადებს სუს-ი.


სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია, აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს. შოთა კახიძე ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.


ადვოკატი ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.