საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას, რომლის მიზანიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელი შეუშალონ ამ უწყების ნორმალურ საქმიანობას.
ბოლო დღეებში, აღნიშნული დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მსგავს ტყუილებს ვისმენთ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი უწყების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მათ მოეთხოვათ შესაბამისი მტკიცებულებების გასაჯაროება ანდა მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების შეწყვეტა, მათ მიერ არასდროს არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება მათი განცხადებების დასასაბუთებლად. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ პერმანენტული ტყუილებით პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობებს.
პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ, წლებია, სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც, რა თქმა უნდა, არავის გამოუვა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია.
როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე.
რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა, პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა, მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა, სერ ჯეფრი ნაისმა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
გვინდა, საზოგადოება დავარწმუნოთ, ეს მსგავსი მცდელობები ჩვენს საქმიანობაზე ვერ იმოქმედებს. საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და პროკურატურის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის, უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. საქართველოს პროკურატურა პასუხს გასცემს ყველა ამ ტიპის ყალბ ბრალდებას და დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური სიმართლე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
ასევე წაიკითხეთ:
-
ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
-
ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს