ზელენსკი გაეროში: რუსეთი თუ წარმატებას მიაღწევს, გენერალური ასამბლეის დარბაზში შეიძლება, ბევრი ადგილი დაცარიელდეს

„გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.


ზელენსკიმ 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, რადგან კრემლი ენერგეტიკასა და საკვებს იყენებს მთელ მსოფლიოში ქვეყნების წინააღმდეგ.


პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებითა და უკრაინის პორტებზე თავდასხმით, რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს სურსათის გლობალური დეფიციტი და აშანტაჟოს მსოფლიო, აღიაროს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა.


  • ზელენსკიმ ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს.

„უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი ჩააბარა. მაშინ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ასეთი ძალის მცველი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ზუსტად რუსეთი ყველაზე მეტად იმსახურებდა განიარაღებას, ჯერ მაშინ, 1990-იანებში. რუსეთი განიარაღებას ახლაც იმსახურებს: ტერორისტებს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


  • უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ბირთვული იარაღი ადგილებზე რჩება, მასობრივი განადგურება ძალას იკრებს.

„რუსეთი იარაღად ბევრ სხვა რაღაცასაც აქცევს და ეს არამარტო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება, არამედ, თქვენი ქვეყნების წინააღმდეგაც. უამრავი შეთანხმება არსებობს, რომელიც იარაღის ფლობასა და გავრცელებას ზღუდავს, მაგრამ არ არსებობს არანაირი რეალური შეზღუდვა საკვები პროდუქტების, ენერგიის და სხვა რაღაცების იარაღად გამოყენებაზე," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


  • რუსი აგრესორების მიერ უკრაინელი ბავშვების მასობრივი გატაცება და დეპორტაცია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშკარად გენოციდია

ზელენსკიმ გაეროში განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ იცის ათიათასობით ბავშვის სახელი და აქვს მტკიცებულებები „რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი ადამიანის გატაცებისა და მოგვიანებით დეპორტირებულის შესახებ.

„ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები სახლში დავაბრუნოთ, მაგრამ დრო გადის. რა დაემართებათ მათ? ამ ბავშვებს რუსეთში ასწავლიან უკრაინის სიძულვილს და ოჯახებთან მათი კავშირი გაწყვეტილია.... ეს აშკარად გენოციდია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


  • რუსეთი სხვა ქვეყნების ელექტროსადგურებს „ბინძურ ბომბებად" აქცევს

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი არამხოლოდ ავრცელებს თავის არასანდო ტექნოლოგიებს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის, არამედ, სხვა ქვეყნების ელექტროსადგურებსაც აქცევს ნამდვილ „ბინძურ ბომბებად.“ მაგალითად მან მოიყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც აგრესორმა ქვეყანამ დაბომბა, დაიპყრო და ახლა სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა.

„ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, დადებს თუ არა ფსონს პუტინის დაპირებებზე. დაე, ერთობამ ღიად გადაწყვიტოს ყველაფერი. მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს საბოლოო ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. შეიარაღება უნდა იყოს შეზღუდული. ომის დანაშაულები უნდა დაისაჯოს, დეპორტირებული ხალხი – სახლში, ოკუპანტი კი საკუთარ მიწაზე უნდა დაბრუნდეს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოც ახსენა.

„ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელორუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ. გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება, დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.