პარლამენტთან საპროტესტი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

„ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მოქმედება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და მე ძალიან მოხარული ვარ და ბენიერი ვარ, რომ აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება რუსებთან ასეთ მჭიდრო ურთიერთობას", - განაცხადა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

მანამადე ანალოგიური მიზეზით აქცია ეროვნული ბანკის ოფისთან გაიმართა.


ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“.

საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.