20 სექტემბერს გაერომ უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ გამართა. სხდომას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ესწრებოდნენ.
ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრაა უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მონაწილეობით. თუმცა, მათ ერთმანეთის გამოსვლებს არ მოუსმინეს.
ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ნებენზიამ პროტესტი გამოთქვა შეხვედრის დასაწყისში ზელენსკის გამოსვლის გამო. სხდომის თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ მას უპასუხა, რომ თუ მოსკოვს არ სურს უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მან უნდა შეწყვიტოს ომი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაეროს ვეღარ ენდობიან კონფლიქტების გადაჭრის საკითხში ორგანიზაციის უუნარობის გამო. „ისინი აქ ძირითადად მკვლელებს იცავენ და არა მსხვერპლს“, - განაცხადა ზელენსკიმ რადიო თავისუფლების ცნობით.
მისი თქმით, მოსკოვი უშიშროების საბჭოში უკანონოდ იკავებს ადგილს და ამით იღებს ვეტოს პრივილეგიას ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილებაზე. „ეს არის უკრაინის ომის 574-ე დღე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „ეს არის 574 მიზეზი, რომ ორგანიზაციაში რაღაც შეცვალოთ.“
ზელენსკის შეფასებით, ორგანიზაციას რეფორმა სჭირდება. მისი სიტყვებით, უშიშროების საბჭო უნდა გაფართოვდეს და ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გადალახონ არსებული მუდმივი წევრების ვეტოს უფლება. მან წინადადება წამოაყენა, ახალ მუდმივ წევრებად მიღებულ იქნენ აფრიკის კავშირი, იაპონია, გერმანია და ინდოეთი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა 1991 წლის საზღვრების მდგომარეობით. „მხოლოდ ამ პირობების შესრულება უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას.“
თავმჯდომარემ, ედი რამამ, მადლობა გადაუხადა ზელენსკის გამოსვლისთვის. მან თქვა, რომ ბოლო დრომდე „შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა“, რომ უშიშროების საბჭოს წევრი „არაპროვოცირებულ ომს წამოიწყებდა“. მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის ევროპასა და მთელს მსოფლიოს. „ჩვენი ორგანიზაციისთვის სამარცხვინო იქნება, თუ ნათლად ვერ ვიტყვით, ვინ არის აგრესორი და ვინ არის აგრესიის მსხვერპლი,“ - განაცხადა რამამ.
- „ჯერ იყო საქართველო, ხმა არ ამომიღია. მერე იყო აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“ და მე ხმა არ ამომიღია. მერე იყო ყირიმი, მერე უკრაინა და აღარაფერი დამრჩა სათქმელი," - განაცხადა რამამ. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რამას მადლობა გადაუხადა „მორალური სიცხადისთვის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა უკრაინის ომში. მისი განცხადებით, უკრაინის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნება ყირიმისა და დონბასის მოსახლეობას ემუქრება „განადგურებით, როგორც იურიდიულით, ისე ფიზიკურით“. „ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში მხოლოდ ლოზუნგები გვესმის: შეჭრა, აგრესია, ანექსია“, - თქვა მან და საბჭოს დასავლელი წევრები მიღებული რეზოლუციების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი აუცილებელი ნაბიჯი.
„ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „გაეროს მუშაობა ახლა პარალიზებულია ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს.“
„უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე საკუთარი სისხლის ხარჯზე აკეთებენ იმას, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს თავისი კენჭისყრით. ისინი აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.