რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შესაბამის დადგენილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.

რუსეთის მთავრობის დადგენილებით, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. მათ შორის, აკრძალვა არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს. აკრძალვის ვადები მითითებული არ არის.

ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი მანამდეც მიუთითებდნენ საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“. დეფიციტის მიზეზებს შორის ასახელებდნენ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილ მოხმარებას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმურ გაჩერებასა და მოსავლის აღების სეზონს“.

შეზღუდვა შეეხება საქართველოსაც. არსებული ინფორმაციით, რუსეთის წილი საქართველოს ბენზინისა და დიზელის იმპორტში წელს 80%-ს აჭარბებდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს.

"ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა", განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ იობაშვილმა.