თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას.
ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
„გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა.
ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“.
საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.
ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.
- სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.