კონსტიტუციონალი: თუ პარლამენტმა 4 კვირაში ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება

კონსტიტუციონალი ვახუშტი მენაბდე იმ საკონსტიტუციო პროცედურებს განმარტავს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

მისი თქმით, თუ პარლამენტმა 4 კვირაში ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

"პრემიერი გადაგა. ამის შემდეგ რას პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია: 1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე; 2. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა; 3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის. 3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - აცხადებს კონსტიტუციონალი.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახბე მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

გუშინ სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.