უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადასა და აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ირლანდიაში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.
უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად უცნობია, რამდენ ხანს დაჰყოფს ქვეყანაში ზელენსკი, მისი სამომავლო გეგმებიც უცნობია.
ზელენსკიმ შენონის აეროპორტის შენობაში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანთან. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა. ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური, მშვიდობის სამიტში გაწევრიანება.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები.
ზელენსკი კანადაში ჩავიდა დაუანონსებელი ვიზიტით. მანამდე ის აშშ-ში ვიზიტით იყო, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.