სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ცნობებით. ვაშინგტონი მოუწოდებს აზერბაიჯანს, შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავიდან აიცილოს სამხედრო მოქმედებების განახლება. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.


„შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალის გამოყენება მიუღებელია და ეწინააღმდეგება ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნის ძალისხმევას. 

ჩვენ მოვუწოდებთ მათ შორის კომერციული, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობისკენ, რათა მათ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობამდე მიაღწიონ. ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული გადაზიდვების განახლებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, უზრუნველყონ ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა და უსაფრთხოება.

მთიან ყარაბაღში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, მშვიდად და ღირსეულად გააგრძელოს ცხოვრება საკუთარ სახლებში - მათი უფლებებისა და უსაფრთხოების პატივისცემით. ტერიტორიის დატოვების მსურველებისთვის კი, უსაფრთხო გასასვლელი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.


  • ჩვენ ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო მისიის მნიშვნელობას, რათა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები დარწმუნდნენ, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება.

ხაზს ვუსვამთ ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მნიშვნელოვან დისკუსიებს ვნახავთ.

შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან უმაღლეს დონეზე. გასული კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ ერთობლივად მოვუწოდოთ. შეერთებული შტატები კვლავაც მიიჩნევს, რომ ერთადერთი მისაღები გზა სწორედ დიალოგია.

აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში, ამ პროცესისთვის უკუსვლა იყო. შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან უმაღლეს დონეზე, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე 2900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს.


ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა.

  • მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.