ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა

ლატვია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს), მიმდინარე გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვან ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა.

მისივე თანახმად, ლატვია ახლა აქტიურად ქმნის ახალ ლოგისტიკურ მარშრუტებს, რომლებიც ქვეყანას უკრაინასთან პოლონეთის გავლით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით აკავშირებს.


„შექმნილ ვითარებაში ჩვენ არ შეგვიძლია, დავეყრდნოთ ტრადიციულ მარშრუტებს გეოპოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სანქციების თავიდან აცილების რისკების გამო,“ - აცხადებენ სამინისტროში.


„სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის შეიქმნა ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის გზები. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და სოლიდარობის ხაზებს და ამას აკეთებს ლატვიის პორტების ფართო შესაძლებლობების შეთავაზებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის და სხვადასხვა საქონლის უკრაინაში იმპორტისთვის. უახლოეს წლებში მოსალოდნელია (TEN-T) ტრანსევროპული სატრანსპორტი ქსელის გაფართოება, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ახალ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მისცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისკენ - უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და თურქეთი,“ - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, ეს დერეფანი ინტეგრირდება ტრანსკასპიის დერეფანთან და TRACECA-ს სატრანსპორტო მარშრუტებთან, მომავალში მას შეუძლია, შექმნას ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს, კავკასიას, ყაზახეთს, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებსა და ჩინეთს შორისაც.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.

TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.