პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების არანაირი მიზეზი არ არსებობს. შალვა პაპუაშვილმა, რომელიც რუმინეთში ვიზიტით იმყოფება, მედიას განუცხადა, რომ თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, მას ყოველთვის მოძებნის.
პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, საქართველოსთან მიმართებით წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხს და „ტრიოს“ მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, შარშან ისე მოხდა, საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიენიჭა, გარკვეულწილად, ის „ასოცირებული ტრიო“ დაირღვა, რომელიც, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს შემადგენლობით ჯერ კიდევ არსებობს და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ასეთი სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება, „ტრიო“ არ დაშალოს, არამედ, სამივე ქვეყანა თანაბრად წაწიოს წინ ევროპის გზაზე.
დღესდღეობით, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა რომ შარშან, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იყო, ასევე სამართლიანობის და დამსახურებაზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილების მხრივ იყო შეცდომა.
ვფიქრობ, ამის გააზრებით, წელს ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. არანაირი მიზეზი სტატუსის არმინიჭების არ არსებობს, თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, საბაბს ყოველთვის მოძებნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პასუხისმგებლობით მოქმედება და ამიტომ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებისგანაც მხარდაჭერა გვაქვს, იმედია, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა ქართულ მედიასთან.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.
სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.