ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს.


მალხაზ ღუღუნიშვილი ეროვნულ ბანკში წლებია მუშაობს. მანამდე ის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული. ნათია თურნავას ამჟამად ორი მრჩეველი ჰყავს.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“


საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.