პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის საკითხს კიდევ ერთხელ განმარტავს.
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“
საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
19 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.
მანამდე, ასევე 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“
იუსტიციის სამინისტროს 20 სექტემბრის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება 22 სექტემბერსაც გაავრცელა, რითაც განმარტავდა, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.