ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, „რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი.“


„ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის.

ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს.

ამ კონტექსტში, მოხარული ვარ ხაზი გავუსვა ჩვენს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში - ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით.


შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა. ამის გათვალისწინებით, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


მან ასევე ისაუბრა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. „ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.