„თუ მელიას საქმის დაწყებას თავიდანვე მიზნად არ ედო, ის რომ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას გადადგომისთვის მიეღწია, მაშინ ამ პროცესის დაწყება იყო სრულიად უგუნური გადაწყვეტილება და ამით „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი", - ამის შესახებ Europetme-ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომის შეფასებისას ხმალაძემ განაცხადა, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანას ისეთი ცუდი ხელისუფლება ჰყავს, რომ იმასაც კი ვერ აცნობიერებს, მელიას საქმით, პირველ რიგში საკუთარ თავს მიაყენა ზიანი.
„პარლამენტი და სასამართლო დააკმაყოფილებდა თუ არა, პროკურატურის მოთხოვნას, ეს საქმე ყველა შემთხვევაში უარყოფითად იმოქმედებდა, თვითონ „ქართული ოცნების იმიჯზე“. შესაძლოა, გახარია თავიდანვე ამ პროცესის დაწყების წინააღმდეგი იყო და სწორედ იმიტომ განავითარეს შემდგომ ეს პროცესი, რომ გახარიას მხრიდან გამოეწვიათ ეს მოქმედება, გადადგომა; რომ შემდგომ გახარიას მოწინააღმდეგეებს „ქართულ ოცნებაში“, თავისი პრემიერ-მინისტრი ჰყოლოდათ. ვფიქრობ, ეს არ იყო პროკურატურის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პროცესი დაწყებულიყო", - განუცხადა Europetime-ს ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, ვნახეთ რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ქვეყნის შიგნით კი ამის გამამართლებელი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ და ქვეყნის გარედანაც, როგორც უკვე ჩანს, მხოლოდ მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა ამას.
„თუ არ დააკმაყოფილებდნენ პროკურატურის მოთხოვნას, ამას ქვეყნის გარეთ, სწორ გადაწყვეტილებად შეაფასებდნენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში გაჩნდებოდა განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ვერ გაბედა, ბოლომდე მიეყვანა“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.