კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ.
პროტესტიწ მონაწილეები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ.
პიანისტის, გიორგი გიგაშვილის თქმით, მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კონსერვატორიის საქმიანობაშიც ჩაერეოდა, ისე, როგორც ბოლო პერიოდში მინისტრი კულტურის სხვა სფეროებს მოექცა.
„კონსერვატორია უკვე 100 წელიწადზე მეტია ერთად დგას და ერთიანობით ვიბრძვით, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დღეიდან უკვე წარიმართება ის პროცესები, რითაც ჩვენ ყველა შევძლებთ ამ დამოუკიდებელი, თავისუფალი სასწავლებლის დაცვას. დიახ, ეს არის რეპრესიები და ამას ყველა ველოდებოდით, განსაკუთრებით მე. ის, რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდით, რომ ეს კონსერვატორიაშიც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ,” - განაცხადა მუსიკოსმა, გიორგი გიგაშვილმა მედიასთან.
20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.