სტოლტენბერგი ზელენსკის: 50-ზე მეტი ქვეყანა გამარაგებთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაგიჭირათ გაეროში

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არამხოლოდ NATO-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან.

„საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაეროში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით.

„ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.