ანალიტიკოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, პოლიტიკური სიტუაცია იმდენად ჩიხური და იმდენად უნაყოფო იყო, რომ გახარიას გადადგომა უთუოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. ფირალიშვილი არ გამორიცხვას პრემიერის გადადგომა ივანიშვილის სცენარში ჯდებოდეს და მომავალში მან გახარიას, როგორც ოპოზიციის ლიდერს, მხარი დაუჭიროს.
პრემიერის წასვლის რეალურ მიზეზებზე Europetime-ს ანალიტიკოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა.
_თქვენი აზრით, რა იყო პრემიერის გადადგომის მიზეზი? მხოლოდ ნიკა მელიას საქმე, რომელიც მან დაასახელა, თუ მანამდეც ჰქონდა ამ დაპისირპირებას თავისი ფონი? ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენად გონივრული იყო ხელისუფლების მხრიდან?
ძალინ ძნელი წარმოსადგენია, რომ ნიკა მელიას საქმე ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მიზეზია. თვითონ გიორგი გახარიამ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ შესაძლოა დაპატიმრებამ დესტაბილიაზია გამოიწვიოს და პოლიტკური ჩიხი კიდევ უფრო გააღრმაოს; სჯობს, რომ გადაიდოს ეს საქმე და ა.შ. ზოგადად, მედიაში იყო მითქმა-მოთქმა შიდა დაპირისპირებაზე. ლაპარაკი რომ არც ყოფილიყო, ვინც ვაკვირდებოდით პროცესებს, ვგრძნობდით აშკარად დისონანსს, გიორგი გახარიას ქცევასა და რიტორიკას და „ოცნების“ რამდენიმე ახალგაზრდის ქცევასა და ხისტ რიტორიკას შორის. ბუნებრივი იყო, რომ ეს ყველაფერი რაღაც შედეგს გამოიღებდა.
_უკვე ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაური, ვერ ახერხებს, გაატაროს მისი პოლიტიკური შეხედულება თავის კაბინეტში და ირკვევა, რომ მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიას დაკავება, თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს გარემოება?
როგორც ჩანს, დიდ როლს თამაშობდა ის ფაქტი, რომ გახარიას სრული გავლენა არ ჰქონდა თავის კაბინეტზე. შეიძლებოდა, ვიღაცები ჩარეულიყვნენ მის საქმეში პარლამენტიდან. თუმცა კი, მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი, მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას სცილდება და ზოგადი პოლიტიკური საკითხია, არამხოლოდ სამართალდამცველების საკითხი. ეს არის მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის პრობლემა. ეს იყო პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება და გახარიამაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო თავისი გადადგომით.
_თქვენი აზრით, რატომ იყო ასეთი პრინციპული „ქართული ოცნებისთვის“ ნიკა მელიას დაკავება? ვერ აცნობიერებდა, რომ ამით შესაძლოა, ოპოზიციის კოსოლიდაციას და ე.წ პოლიტიკური დევნილის, „გმირის" შექმნას შეუწყობდა ხელს? თავიდანვე იყო რისკი იმისა, რომ საქმე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის რადიკალური ინტერესების სასარგებლოდ წარმართულიყო.
ოპოზიციას კონსოლიდირება რამდენად შეუძლია, ბოლო 2-3 წელია, კარგად ჩანს. ამ კონსოლიდირებას რომ შედეგი არ მოაქვს, ამასაც ვხედავთ. რეალურად, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას დააკარგინა ოპოზიცია და ეს ვნახეთ NDI-ს კვლევებში, რამდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა და კიდევ უფრო დაბალი ოპოზიციისადმი ნდობა. ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისის მანიშნებელია, როცა ოპოზიცია მცირე ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არის უბედური.
_ივანიშვილის წასვლის ფაქტორი რამდენად ჩანს, ამ პროცესებში?
ივანიშვილის წასვლამაც შეიძლება იქონია გავლენა, რადგან „ქართული ოცნების“ წიაღში, განსაკუთრებით აქტიური ფასადური ფიგურები ვინც არიან, მათ მოინდომეს ივანიშვილის კომპეტენციის ხელში აღება. ერთი შესაძლებლობა ეს არის. მეორე შესაძლებელობაა, რომ გახარიას გადადგომა, თვითონ ივანიშვილის სცენარში ჯდებოდეს. მან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, საქართველოში.
_გულისხმობთ იმას, რომ გახარია შესაძლოა ოპოზიციაში ვიხილოთ და ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს?
ზედმეტი სითამამე იქნება, ახლა ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის პერსპექტივა ჩანს. რომელი სცენარიც არ უნდა იყოს განხილული შესაძლებლობებიდან, გახარიას გადადგომა უთუოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს ჩვენს პოლიტიკურ განვითარებაში. სიტუაცია იმდენად ჩიხური და იმდენად უნაყოფო იყო, როგორც ერთი მხრიდან ისე მეორე მხრიდან.
ხაზს ვუსვამ, ხელისუფლების პრობლემა მაშინ გამოჩნდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები. ამოწურა რესურსი დასავლეთთან პოზიტიური კონტაქტისა. ამ სიტუაციაში მე სწორედ ოპოზიციასთან მაქვს პრობლემა, რომ ისევ ვერ ახერხებს ნაყოფიერი პოლიტიკური პლატფორმის პოვნას. ისევ 1991 წლის და 2003 წლის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობაშია.
ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სრულიად აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ 200 წლის შემდეგ ჩვენს რეგიონში შემოვიდა თურქეთი. აზერბაიჯანში თურქი სამხედროების შესვლას ვგულისხმობ. დასავლეთისათვის ეს არის ძალზედ შემაშფოთებელი სიტუაცია. რეგიონს ერთმანეთში ინაწილებენ რუსეთი და თურქეთი. ჩვენ განზე ვერ გავდგებით. დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენ გავუხსნათ ყველა გზა. ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტის არსებობა.
_თუ გახარიას გუნდის ნაწილი გაჰყვა, თვითონ ხელისუფლების ნაწილი ხომ არ შექმნის პარლამენტში ოპოზიციას?
არ მგონია ასეთი დიდი რაოდენობით დეპუტატები გაყვნენ გახარიას. ჩვენ ვხედავთ რამდენად აგრესიულად მორჩილი უმცირესობა ჰყავს „ოცნებას“ პარლამენტში, თუნდაც იმ ოპოზიციური ძალის სახით, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები დაირქვეს". არ მგონია ასე მოხდეს. თუმცა ჩვენთან ხშირად გათამაშებულა ასეთი სცენარები, როდესაც ხელისუფლების შიგნით ჩნდება ოპოზიცია და შემდეგ ისევ პოზიცია მოდის ხელისუფლებაში. ასე მოხდა 1991-92 წლებში. „ნაციონალური მოძრაობაც“ მოქალაქეთა კავშირს გამოეყო. არ არის გამორიცხული ახლაც ეს გათამაშდეს.