პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა და მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გელა ხასაიას თქმით, ლაზარე არის სისტემის მსხვერპლი და ამით ცდილობენ ახალგაზრდების დაშინებას.
„სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა 7-8 მარტის აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს. ლაზარე არის მარტის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც დღეს ტყვეობაში იმყოფება. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ვალდებულება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ლაზარესთან მიმართებაში. ევროპაში ვიზიტებს რომ მართავს, საუბრობს იმ ადამიანების სახელით, რომლებიც 8 მარტს აქციაზე ვიმყოფებოდით. ლაზარე არის ამ ყველაფრის სიმბოლო. ამიტომ ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიმართოს საქართველოს მთავრობას და უთხრას, რომ ლაზარე უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში,” - განაცხადა გელა ხასაიამ IPN-ის ცნობით.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.