ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები.
არჩევნების მოდერნიზება - ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
- ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს.
„აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ - განაცხადა იოსელიანმა.