სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. სარჩელში სომხეთი სასამართლოს მოუწოდებს, დაიცვას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციით (CERD) დაცული უფლებები.


ერევანი ასევე ითხოვს, ბაქომ თავი შეიკავოს სადამსჯელო ზომების მიღებისგან მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური თუ სამხედრო წარმომადგენლების მიმართ. სომხეთის მოთხოვნები მოიცავს სამხედრო და სამართალდამცავი პერსონალის სრულ გაყვანას მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დაწესებულებებიდან და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. სომხეთი ასევე მოუწოდებს გაეროს სასამართლოს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, უარი თქვას მოქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი ეთნიკური სომხების გადასახლებას.

მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.


მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.