რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე

ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ტრანსპორტის მარეგულირებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATR) გენერალური ასამბლეისა და ამ მარშრუტის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ბაქოს პორტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის (Azerbaijan Caspian Shipping Company CJSC), თურქეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და რუმინეთის სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები.


ღონისძიებაზე დისკუსიების დროს ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ამ მარშრუტზე მეტი ტვირთის მოზიდვის აუცილებლობას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამ დერეფნის გასწვრივ კონტეინერების ტრანსპორტირების უფრო ეფექტიანი ორგანიზება.


ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისთვის. გარდა ამისა, შეფასდა განაცხადები ახალი წევრობისთვის, ორგანიზაციაში მიიღეს ყაზახური ლოგისტიკური კომპანია "Eastcomtrans" და სინგაპურის კომპანია "Global DTC."

ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო დერეფანი, რომელიც იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთში.