„ქართული ოცნება“ ითხოვს განმარტებებს, „რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“ - არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს,“ - აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი კობახიძე. მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.
„მე ვუყურე სუსი-ის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები თავიდან ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები და რეალურად, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენ ქვეყანაში,რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAD, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება.
ჯერ იყო, გახსოვთ,აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა, ვხედავთ ასეთი სახის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის- არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით, რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა მას აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვხედავთ,რომ იგეგმება ასეთი პროცესები. გავიმეორებ, განსაკუთრებით, სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ, გავუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და არავის არ ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის საელჩოს ფრაზით შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი ფაქტი და აღნიშნა, რომ „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, რადგან ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში.“
პაპუაშვილმა კობახიძის მსგავსად აღნიშნა, რომ უნდა გაკეთდეს განმარტებები, თუ რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის.
ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც „ისფედის“ მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო. გავარკვიეთ, რომ „ისფედის“ ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს.
დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო.
გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება მოახდინონ,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.