CANVAS საქართველომ სუს-ის განცხადების შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა

კანვას – საქართველო სუს-ის განცხადებას აფასებს.

ორგანიზაცია სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებს ზეწოლად აფასებს.


„სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად.

მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი  და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.

აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.


მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში,“ - ნათქვამია განცხადებაში.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი.

აღნიშნული პირები დაკავშირებულნი არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წელს კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს,“ - განაცხადეს სუს-ში 2 ოქტომბერს.