ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას

2 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, კიევში ისტორიულ სამიტზე შეიკრიბნენ. ამ შეხვედრის ფონია: 1) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტს 335-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. ახლა ის აშშ-ის სენატში უნდა დაამტკიცონ; 2) სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-ს უკრაინიდან მოუწოდა, გადახედოს ხსენებულ გადაწყვეტილებას. მანამდე, კიევში გამორიცხეს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში რაიმე ცვლილება იქნება.

კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებით და პირობა დადეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის დასამარცხებლად.


„ჩვენ გაოცებული ვიყავით ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელსაც მე მჯერა, რომ ვინანებთ,“ - განაცხადა ბორელმა. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა: რამდენიმე დღის წინ დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირეს 300 მილიონი დოლარის მხარდაჭერის პაკეტს და არ მგონია, რომ ეს მათი ბოლო სიტყვა იყოს."


„ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. უკრაინელები მთელი სიმამაცითა და შესაძლებლობებით იბრძვიან და თუ გვსურს, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ, მაშინ მათ უნდა მიაწოდოთ უკეთესი იარაღი და უფრო სწრაფად,“ - აღნიშნა ესპანელმა დიპლომატმა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინაში გაგრძელდება, მიუხედავად კანონმდებლების გადაწყვეტილებისა.

თუმცა AP წერს, რომ მომხდარმა შეშფოთება გამოიწვია კიევში, რომელიც დიდწილად ეყრდნობა დასავლეთის ფინანსურ დახმარებას და სამხედრო აღჭურვილობას, რუსეთთან მიმდინარე ბრძოლაში.


ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, დეპუტატები კაპიტოლიუმში შეხვდნენ ზელენსკის, რომელიც ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ მისი სამხედროები ომში იმარჯვებდნენ, მაგრამ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამატებითი დახმარება გადამწყვეტი იქნებოდა ბრძოლის გასაგრძელებლად.მიუხედავად ამისა, პალატაში ბოლოდროინდელმა კენჭისყრამ მიუთითა აშშ-ის იზოლაციონიზმის გაძლიერებაზე და მზარდ წინააღმდეგობაზე შემდგომი დახმარების გაწევაზე, როცა ომი უკვე მე-20 თვეა, გრძელდება,“ - წერს Associated Press-ი.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 ოქტომბერს განუცხადა, რომ ომში გამარჯვება დამოკიდებული კიევის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი და გამოვიდა მოწოდებით მეტი თანამშრომლობისკენ, საიმისოდ, რომ დასრულდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები და რუსეთს არ მიეწოდოს მასალა, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდაში ეხმარება.


„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლიათ, გაიმარჯვონ ამ კონფრონტაციაში. მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული თანამშრომლობაზე თქვენთან: რაც უფრო მეტ ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი," - განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.