აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ USAID-ის მიმართ საქართველოში გამოთქმულ ბრალდებებს. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა შეკითხვას ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა.
„მე არ მინახავს ეს კონკრეტული კომენტარები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთადერთი ჩართულობა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში, არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ. არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ისინი უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ეს კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.