ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა ვერ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, უნდა დატოვოს თუ არა NATO-ს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა პირველი მაისიდან ავღანეთის ტერიტორია, როგორც ამას ითვალისწინებს აშშ-ისა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეტგმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონსულტაციები მომდევნო კვირას გაგრძელდება.
NATO-ს ქვეყნების ვირტუალური შეხვედრა 17-18 თებერვალს გაიმართა. პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ისა და თალიბანის შეთანხმებას, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა ექსტრემისტული დაჯგუფება ნაკისრ ვალდებულებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ავღანეთის მთავრობასთან ანგარიშგასაწევი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.
შეთანხმების მიხედვით, კოალიციური ძალების გასვლის წინ თალიბების მხრიდან ავღანეთში უნდა შეიქმნას უსაფრთხოების გარანტიები, რაც ითვალისწინებს ალ-ყაიდასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას.
ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა თალიბანს შორის შარშან სექტემბერში ყატარში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად, 2021 წლის დადგომისთანავე ძალადობამ ახალი ძალით იფეთქა ავღანეთში, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ NATO-ს სარდლობით მოქმედი კოალიციური ჯარების გაყვანა ნაადრევია და ის შესაძლებლობას მისცემს თალიბანს, რომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს.
ავღანეთში ამჟამად ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს 860 ჯარისკაცი) სულ მცირე 10 000-კაციანი ქვედანაყოფი იმყოფება, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით, რომლის ორგანიზებულ გასვლას სათანადო ლოგისტიკური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება დასჭირდება.