USAID იწყებს სამენტორი პროგრამას, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად

USAID-მა წარადგინა სამენტორი პროგრამა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ ღონისძიებას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთიკაში უმასპინძლა.

USAID-ის ცნობით, სამენტორო პროგრამა ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რათა წარმატებული და გამოცდილი მენტორებისგან შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღონ.


USAID აცხადებს, რომ ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID „ამაყობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და GREDA-სთან პარტნიორობით ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის იწყებს მენტორობის პროგრამას.“


„ეს არის USAID-ის ძალისხმევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში, რაც თავის მხრივ საქართველოს აძლევს საშუალებას შექმნას თანამედროვე, უსაფრთხო, სუფთა და ევროპაში ინტეგრირებული ენერგო სექტორი.

ღონისძიების მთავარი თემები იყო განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მენტორობის პროგრამის დაწყება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მენტორების დახმარებას უკეთ აღიქვან კარიერული შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში. ღონისძიებას დაესწრნენ USAID-ის, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების და ენერგო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს , გაზაფხულზე ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მონაწილე მომავალ ლიდერებს გადაეცათ სერტიფიკატები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.