ადმირალ ბაუერის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით NATO-ს სამხედრო გეგმა 4500 გვერდს აღწევს

  • NATO-მ რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზადება უკრაინის მასშტაბურ ომამდე, 2008 წელს დაიწყო.

NATO მზადაა, დაუპირისპირდეს სულ უფრო აგრესიულ რუსეთს, განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა.

„NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის თავიდანვე ემზადებოდა - უკრაინაში ომის დაწყებამდე, 14 წლით ადრე. ჩვენი სამხედრო გეგმები რუსეთთან დაკავშირებით, 4500 გვერდს აღწევს," - აღნიშნა ადმირალმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას.


ბაუერმა ასევე ახსენა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს და რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წელს: მისი თქმით, NATO-სა და რუსეთს შორის პარტნიორობა 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა."

„ფაქტობრივად, 2008 წლიდან სამხედროებმა დაიწყეს მუშაობა კოლექტიური თავდაცვის პრინციპებთან მიმართებით. ეს აუცილებელი იყო რუსეთის ქცევის შედეგად, რომელიც NATO-ს პარტნიორი იყო 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ იყო საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014-სა და 2022 წლებში. NATO-ში ყველაზე დიდი ცვლილება იყო მზადება [დაპირისპირებისთვის] სულ უფრო აგრესიულ მტერთან,“ - განაცხადა ბაუერმა.


მისი თქმით, NATO-მ სამხედრო სტრატეგიის შეცვლა 2019 წელს დაიწყო, რამაც ბიძგი მისცა დეტალური სამხედრო გეგმების შექმნას, რომელიც დამტკიცდა ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტზე ივლისში, ვილნიუსში.


მან გაიხსენა, რომ უკვე 2015-2016 წლებში ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის საბრძოლო ჯგუფი განათავსა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, ბრიგადებად სწრაფი გადაქცევისთვის.